Saturday, November 13, 2010

ნინო ანანიაშვილი

                                                               ნინო ანანიაშვილი
                                                                    1963 წლის 28 მარტს, დაიბადა თბილისში
მამა – გედევან ანანიაშვილი – გეოლოგი;
დედა – ლია გოგოლაშვილი – ფილოლოგი;
მეუღლე – გია ვაშაძე – დიპლომატი, ბიზნესმენი;
შვილი – ელენე ვაშაძე.
ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნების პირველი ნაბიჯები ფიგურული სრიალით დაიწყო (ხელმძღვანელი ალა დვალი). ექვსი წლის ასაკში ნინო მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.  ცეკვისადმი დაუოკებელმა სიყვარულმა და სწრაფვამ, ათი წლის ნინო, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანა (პედაგოგი თამარ ვიხოდცევა), 1976 წელს ნინომ სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში  გამოჩენილი პედაგოგის ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით განაგრძო. ერთი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ სტუდენტმა ნინომ ანდრის ლიეპასთან (ლეგენდარულ მარის ლიეპას ვაჟთან) ერთად რამდენიმე პრესტიჟულ საბალეტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.1981 წლიდან ნინო ანანიაშვილი  მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინაა, 1985 წლიდან დღემდე კი ხსენებული თეატრის პრიმა ბალერინა.
ნინო ანანიაშვილმა დიდი თეატრის სცენაზე, წარსულში ლეგენდარული რუსი მოცეკვავის რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: “გედების ტბა”, “მძინარე მზეთუნახავი”, “ჟიზელი”, “რომეო და ჯულიეტა” (ლეონიდ ლავროვსკისა და იური გრიგოროვიჩის ვერსიები) “რაიმონდა”; “დონ კიხოტი”, “კორსარი”, “მაკნატუნა” (იური გრიგოროვიჩის დადგმა), “ბაიადერა”, “ოქროს საუკუნე”, “სილფიდა”,  “შოპენიანა”, “პატარა პრინცი” და სხვა. უშუალოდ ნინოსთვის შეიქმნა წამყვანი საბალეტო პარტია ოპერაში “მლადა”.
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს:
- ვარნის (ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1980 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1981 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-5 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1985 წელი (უფროსი ასაკი);
- ჯეკსონის (აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1986 წელი (უფროსი ასაკი).
უმაღლესმა ტექნიკამ, ვირტუოზულობამ, დახვეწილმა სტილმა, გრაციოზულმა მოძრაობებმა და იშვიათმა დრამატულმა ტალანტმა ნინო ანანიაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ბალერინად აქცია.
ნინო ანანიაშვილს, მშობლიური ქალაქი თბილისი არასოდეს დავიწყებია. 1983 წელს მოსკოვის დიდ თეატრთან ერთად მან პირველად იცეკვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე -  “გედების ტბა” და “დონ კიხოტი” (ჭაბუკიანის ვერსია). მოგვიანებით ის “ჯიზელსა და “სილფიდაში” თბილისის საბალეტო დასთან ერთად წარსდგა. 
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი იწყებს ცეკვას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე.  
ნინო ანანიაშვილი ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი ბალერინაა, რომელიც მიიწვიეს “ნიუ-იორკ სითი ბალეში” ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის შესასრულებლად. მან იცეკვა “რაიმონდას ვარიაციებში”, “სიმფონია დო მაჟორსა” და “აპოლონ მუსაგეტში”. 
ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის პირველი ბალერინაა, რომელიც მიიწვიეს კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში, სადაც იგი 1990 წლიდან ასრულებდა წამყვან პარტიებს კენეტ მაკმილანის “პაგოდის პრინცსა” და “რომეო და ჯულიეტაში”; ფრედერიკ ეშტონის “ამაო სიფთხილესა” და “კონკიაში”; მიხეილ ფოკინის “ფასკუნჯში” და სხვა.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრში მიიწვიეს ბურნონვილის საბალეტო შედევრებში (“სილფიდა”; “ნაპოლი”; “ჯენცანოს ყვავილების ფესტივალი”, “ბაზრობა ბრუგეში” და ა.შ.) მთავარი პარტიების შესასრულებლად.
ნ. ანანიაშვილი მარიას თეატრის ხშირი სტუმარია. აქ მან შეასრულა მთავარი პარტიები “რომეო და ჯულიეტას” ლეონიდ ლავროვსკისეულ ლეგენდარულ წარმოდგენაში, “დონ კიხოტში”, “გედების ტბაში”, “მძინარე მზეთუნახავში” და სხვა.პარალელურად, 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის მიწვეული პრიმა ბალერინაა. ყოველწლიურად იგი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ასრულებს მთავარ პარტიებს ბალეტებში: “გედების ტბა”, “სილფიდა”, “კორსარი”, “დონ კიხოტი”, “ბაიადერა” (ნატალია მაკაროვას რედაქციით), “მძინარე მზეთუნახავი”, “რომეო და ჯულიეტა” და “მანონი” (კენეტ მაკმილანის დადგმები), “მხიარული ქვრივი” (რობერტ ჰინდის დადგმა), “კონკია” და “ფიფქია”  (ბენ სტივენსონის დაგმა), ჯორჯ ბალანჩინის, ენტონ ტუდორის, მარკ მორისის და სხვათა წარმოდგენებში.
ნინო ანანიაშვილი აგრეთვე შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტეკარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია. დანიის სამეფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ფრენკ ანდერსენთან ერთად მან შექმნა საგასტროლო დასი, რომელშიც გაერთიანებულია რუსეთის, საფრანგეთის, დანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოცეკვავეები. ჯგუფი დიდი წარმატებით სარგებლობს მოსკოვის, პეტერბურგის, კოპენჰაგენის, პარიზის, დალასის, ტოკიოს, ოსაკასა და იაპონიის სხვა ქალაქების თეატრების სცენებზე.
1996-2002 წლებში ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა დიდი თეატრის შემდეგ პრემიერებში: ვლადიმერ ვასილევის “ჟიზელი”; ჯორჯ ბალანჩინის “მოცარტიანა” და “სიმფონია დო მაჟორი”; ალექსეი ფადეეჩევის “დონ კიხოტი”; პიერ ლაკოტის “ფარაონის ასული” და სტენტონ უელშის “ოპუს X”. ამავე პერიოდში სპეციალურად მისთვის დაიდგა შემდეგი ერთმოქმედებიანი ბალეტები: ალექსეი რატმანსკის “მანკიერიზმის მშვენიერებანი”, “სიზმრები იაპონიაზე” და სტენტონ უელშის “ლეა”. 
ნინო ანანიაშვილს ჩვენი დროის საუკეთესო ბალერონები უწევდნენ და უწევენ პარტნიორობას: კარლოს აკოსტა, ჩარლზ ესკეგარდი, დმიტრი ბელოგოლოვცევი, ალექსანდრე ბოგატირევი, ჟულიო ბოკა, ფერნანდო ბუჟონესი, იური ვასიუშენკო, მაქსიმილიანო გუერა, პატრიკ დუპონდი, იგორ ზელენსკი, ალექსანდრე კოლპინი, ენჟელ კორელა, ხოსე მანუელ კარენო, მიხაილ ლავროვსკი, ანდრის ლიეპა, ნიკოლას ლე რიჩე, ვლადიმირ მალახოვი, ჟუზეპე რიკონე, იური პოსოხოვი, სერგეი ფილინი, ნიკოლოზ ცისკარიძე, ნიკოლაი ჰუბე და სხვები. 
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
                                                                                             ჯილდოები: 

  • ოქროს მედალი, მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, 1985
  • საქართველოს სახალხო არტისტი, 1989
  • რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, 1995.
                                                                                                    

No comments:

Post a Comment