Saturday, November 13, 2010

ირმა ნიორაძე

     ირმა ნიორაძე დაიბადა თბილისში 1969 წლის 15 ივნისს.1987 წელს თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებილის დამთავრების შემდეგ (პედაგოგები სერაფიმა ვეკუა და ვახტანგ ჭაბუკიანი) ლენინგრადის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გადის სტაჟირებას (1987-88, პედაგონი ლუდმილა საფრონოვა).
1989-1990 წლებში თბილისის აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. მის რეპერტუარშია მთავარი როლები ბალეტებში "ჟიზელი", "სერენადა", "დემონი". 1990 წელს გახდა საერთაშორისო საბალეტო კონკურსის ლაურეატი ჯეკსონში, აშშ. რეპეტიტორი ნატალია ზოლოტოვა.
    1991 წელს სტაჟირებას გადის დანიის სამეფო ბალეტში (კოპენჰაგენი).
    1992 წელს წამყვანი სოლისტია მარიინსკის თეატრის საბალეტო დასისა (პედაგოგები ნინელი კურგაპკინა და ოლგა მოისეევა). რეპერტუარი: მთავარი როლები ბალეტებში "გედების ტბა" (ქორეოგრაფი მ. ფოკინი, ლ. ივანოვი), "დონ კიხოტი" (ქორეოგ. ა. გორსკი), "ბაიადერკა", "ლეგენდა სიყვარულზე" (ქორეოგ. ი. გრიგოროვიჩი), "კორსარი" (ქორ. მ. პეტიპა), "მძინარე მზეთუნახავი" (ქორ. ს. ვიხარევი), "შეჰერაზადა" (ქორ. მ. ფოკინი), "კარმენ-სიუიტა" (ქორ. პ. პეტი), "რაიმონდა" (ქორ. მ. პეტიპი, ი. გრიგოროვიჩი), "ბახჩისარაის შადრევანი", "გოია", "სერაფიტას კოცნა" (ქორ. ა. როტმანსკი), "სიმფონია დო მაჟორი" ("ბროლის სასახლე", ქორ. დ. ბალანჩინი) და სხვა.
                                                             ჯილდოები:
  • 1996 წელს ხდება "ღირსების ორდენის" კავალერი, 1997 წელს კი საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
  • 1998 წელს - მთავარი საბალეტო პარტია მინიატიურაში "მონოლოგი ქალზე" (სპეციალურად დადგმული ქორ. კ. სიმონოვის მიერ ირმა ნიორაძისთვის, ე. მორიკონეს მუსიკით).
  • 2002 წელს - რუსეთის დამსახურებული არტისტი, საყოველთაოდ აღიარებულ რუსეთის ქალთა პრემიის "ოლიმპია" ლაურეატი "რუსული ბალეტის სკოლის ტრადიციების შენახვისა და განვითარებისთვის".
  • 2003 წლის სექტემბერი - ყოველწლიური პრემიის "პოზიტანო 2003 - ცეკვის ხელოვნებისთვის" (იტალია) ლაურეატი.

ნინო ანანიაშვილი

                                                               ნინო ანანიაშვილი
                                                                    1963 წლის 28 მარტს, დაიბადა თბილისში
მამა – გედევან ანანიაშვილი – გეოლოგი;
დედა – ლია გოგოლაშვილი – ფილოლოგი;
მეუღლე – გია ვაშაძე – დიპლომატი, ბიზნესმენი;
შვილი – ელენე ვაშაძე.
ნინო ანანიაშვილმა საბალეტო ხელოვნების პირველი ნაბიჯები ფიგურული სრიალით დაიწყო (ხელმძღვანელი ალა დვალი). ექვსი წლის ასაკში ნინო მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა.  ცეკვისადმი დაუოკებელმა სიყვარულმა და სწრაფვამ, ათი წლის ნინო, ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანა (პედაგოგი თამარ ვიხოდცევა), 1976 წელს ნინომ სწავლა ქ. მოსკოვის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში  გამოჩენილი პედაგოგის ნატალია ზოლოტოვას ხელმძღვანელობით განაგრძო. ერთი წლის შემდეგ, ჯერ კიდევ სტუდენტმა ნინომ ანდრის ლიეპასთან (ლეგენდარულ მარის ლიეპას ვაჟთან) ერთად რამდენიმე პრესტიჟულ საბალეტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა.1981 წლიდან ნინო ანანიაშვილი  მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინაა, 1985 წლიდან დღემდე კი ხსენებული თეატრის პრიმა ბალერინა.
ნინო ანანიაშვილმა დიდი თეატრის სცენაზე, წარსულში ლეგენდარული რუსი მოცეკვავის რაისა სტრუჩკოვას ხელმძღვანელობით მოამზადა და შეასრულა მთავარი პარტიები ბალეტებში: “გედების ტბა”, “მძინარე მზეთუნახავი”, “ჟიზელი”, “რომეო და ჯულიეტა” (ლეონიდ ლავროვსკისა და იური გრიგოროვიჩის ვერსიები) “რაიმონდა”; “დონ კიხოტი”, “კორსარი”, “მაკნატუნა” (იური გრიგოროვიჩის დადგმა), “ბაიადერა”, “ოქროს საუკუნე”, “სილფიდა”,  “შოპენიანა”, “პატარა პრინცი” და სხვა. უშუალოდ ნინოსთვის შეიქმნა წამყვანი საბალეტო პარტია ოპერაში “მლადა”.
ნინო ანანიაშვილი მსოფლიოში ერთადერთი ბალერინაა, რომელიც ფლობს ოთხ უმაღლეს საერთაშორისო საბალეტო ჯილდოს:
- ვარნის (ბულგარეთი) მე-10 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1980 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-4 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1981 წელი (უმცროსი ასაკი);
- მოსკოვის მე-5 საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალი, 1985 წელი (უფროსი ასაკი);
- ჯეკსონის (აშშ) მე-3 საერთაშორისო კონკურსის გრან-პრი, 1986 წელი (უფროსი ასაკი).
უმაღლესმა ტექნიკამ, ვირტუოზულობამ, დახვეწილმა სტილმა, გრაციოზულმა მოძრაობებმა და იშვიათმა დრამატულმა ტალანტმა ნინო ანანიაშვილი თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აღიარებულ ბალერინად აქცია.
ნინო ანანიაშვილს, მშობლიური ქალაქი თბილისი არასოდეს დავიწყებია. 1983 წელს მოსკოვის დიდ თეატრთან ერთად მან პირველად იცეკვა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე -  “გედების ტბა” და “დონ კიხოტი” (ჭაბუკიანის ვერსია). მოგვიანებით ის “ჯიზელსა და “სილფიდაში” თბილისის საბალეტო დასთან ერთად წარსდგა. 
1988 წლიდან ნინო ანანიაშვილი იწყებს ცეკვას მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე.  
ნინო ანანიაშვილი ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი ბალერინაა, რომელიც მიიწვიეს “ნიუ-იორკ სითი ბალეში” ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიის შესასრულებლად. მან იცეკვა “რაიმონდას ვარიაციებში”, “სიმფონია დო მაჟორსა” და “აპოლონ მუსაგეტში”. 
ნინო ანანიაშვილი დიდი თეატრის პირველი ბალერინაა, რომელიც მიიწვიეს კოვენტ-გარდენის სამეფო თეატრში, სადაც იგი 1990 წლიდან ასრულებდა წამყვან პარტიებს კენეტ მაკმილანის “პაგოდის პრინცსა” და “რომეო და ჯულიეტაში”; ფრედერიკ ეშტონის “ამაო სიფთხილესა” და “კონკიაში”; მიხეილ ფოკინის “ფასკუნჯში” და სხვა.
ნინო ანანიაშვილი პირველი ბალერინაა ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, რომელიც კოპენჰაგენში, დანიის სამეფო თეატრში მიიწვიეს ბურნონვილის საბალეტო შედევრებში (“სილფიდა”; “ნაპოლი”; “ჯენცანოს ყვავილების ფესტივალი”, “ბაზრობა ბრუგეში” და ა.შ.) მთავარი პარტიების შესასრულებლად.
ნ. ანანიაშვილი მარიას თეატრის ხშირი სტუმარია. აქ მან შეასრულა მთავარი პარტიები “რომეო და ჯულიეტას” ლეონიდ ლავროვსკისეულ ლეგენდარულ წარმოდგენაში, “დონ კიხოტში”, “გედების ტბაში”, “მძინარე მზეთუნახავში” და სხვა.პარალელურად, 1993 წლიდან ნინო ანანიაშვილი ამერიკული ბალეტის თეატრის მიწვეული პრიმა ბალერინაა. ყოველწლიურად იგი მეტროპოლიტენ ოპერის სცენაზე ასრულებს მთავარ პარტიებს ბალეტებში: “გედების ტბა”, “სილფიდა”, “კორსარი”, “დონ კიხოტი”, “ბაიადერა” (ნატალია მაკაროვას რედაქციით), “მძინარე მზეთუნახავი”, “რომეო და ჯულიეტა” და “მანონი” (კენეტ მაკმილანის დადგმები), “მხიარული ქვრივი” (რობერტ ჰინდის დადგმა), “კონკია” და “ფიფქია”  (ბენ სტივენსონის დაგმა), ჯორჯ ბალანჩინის, ენტონ ტუდორის, მარკ მორისის და სხვათა წარმოდგენებში.
ნინო ანანიაშვილი აგრეთვე შვედეთის, ნორვეგიის, პორტუგალიის, ფინეთის, ბავარიის, მონტეკარლოს, ბირმინგემის, ბოსტონის, ტოკიოს და სხვა საბალეტო სცენების ხშირი სტუმარია. დანიის სამეფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელთან, ფრენკ ანდერსენთან ერთად მან შექმნა საგასტროლო დასი, რომელშიც გაერთიანებულია რუსეთის, საფრანგეთის, დანიისა და ამერიკის შეერთებული შტატების საუკეთესო მოცეკვავეები. ჯგუფი დიდი წარმატებით სარგებლობს მოსკოვის, პეტერბურგის, კოპენჰაგენის, პარიზის, დალასის, ტოკიოს, ოსაკასა და იაპონიის სხვა ქალაქების თეატრების სცენებზე.
1996-2002 წლებში ნინო ანანიაშვილი მონაწილეობდა დიდი თეატრის შემდეგ პრემიერებში: ვლადიმერ ვასილევის “ჟიზელი”; ჯორჯ ბალანჩინის “მოცარტიანა” და “სიმფონია დო მაჟორი”; ალექსეი ფადეეჩევის “დონ კიხოტი”; პიერ ლაკოტის “ფარაონის ასული” და სტენტონ უელშის “ოპუს X”. ამავე პერიოდში სპეციალურად მისთვის დაიდგა შემდეგი ერთმოქმედებიანი ბალეტები: ალექსეი რატმანსკის “მანკიერიზმის მშვენიერებანი”, “სიზმრები იაპონიაზე” და სტენტონ უელშის “ლეა”. 
ნინო ანანიაშვილს ჩვენი დროის საუკეთესო ბალერონები უწევდნენ და უწევენ პარტნიორობას: კარლოს აკოსტა, ჩარლზ ესკეგარდი, დმიტრი ბელოგოლოვცევი, ალექსანდრე ბოგატირევი, ჟულიო ბოკა, ფერნანდო ბუჟონესი, იური ვასიუშენკო, მაქსიმილიანო გუერა, პატრიკ დუპონდი, იგორ ზელენსკი, ალექსანდრე კოლპინი, ენჟელ კორელა, ხოსე მანუელ კარენო, მიხაილ ლავროვსკი, ანდრის ლიეპა, ნიკოლას ლე რიჩე, ვლადიმირ მალახოვი, ჟუზეპე რიკონე, იური პოსოხოვი, სერგეი ფილინი, ნიკოლოზ ცისკარიძე, ნიკოლაი ჰუბე და სხვები. 
2004 წლის სექტემბრიდან ნინო ანანიაშვილი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრისა საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.
                                                                                             ჯილდოები: 

  • ოქროს მედალი, მოსკოვის საერთაშორისო საბალეტო კონკურსი, 1985
  • საქართველოს სახალხო არტისტი, 1989
  • რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, 1995.
                                                                                                    

Friday, November 12, 2010

ვერა წიგნაძე

ვერა ვარლამის ას. წიგნაძე (* 24 სექტემბერი, 1924, ბაქო),ქართველი ბალერინა. საქართველოს სახალხო არტისტი. 1943 წელს დაამთავრა ბაქოს ქორეოგრაფიული სასწავლებელი, 1943-1946 წლებში ცეკვავდა ახუნდოვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეტრში. 1946 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თატრის წამყვანი მოცეკვავე გახდა. 1970 წლამდე იყო ვ.ჭაბუკიანის უცვლელი პარტნიორი და ქართული ეროვნული საბალეტო რეპერტუარის დამკვიდრების მონაწილე. იგი პირველი ინტერპრეტატორია შმდეგი პარტიებისა კეთილი ფერია (გ. კილაძის "სინათლე"; სახელმწიფო პრემია, 1948), ირემა (დ. თორაძის "გორდა"; სახელმწიფო პრემია, 1951), ნატაშა (. თორაძის "მშვიდობისათვის"), დეზდემონა (ა. მაჭავარიანის "ოტელო"), თამარი (ს. ცინცაძის "დემონი"). წიგნაძის ცეკვისათვის დამახასიათებელი იყო პოეტურობა, რომანტიკული მღელვარება, დახვეწილი ოატატობა. მაღალი, ჰაეროვანი ნახტომი, მოძრაობის სიმსუბუქე და გამომსახველობა, კარგი სცენური გარეგნობა, რაც განსაზღვრავდა მოცეკვავის ფართო საშემსრულებლო დიაპაზონს ლირიკული, დრამატული და გმირული ხასიათის როლებში: ჟიზელი (ადანის "ჟიზელი"), ლაურენსია (კრეინის "ლაურენსია"), ოდეტა-ოდილია (ჩაიკოვსკის "გედის ტბა"), ნიკია (მინკუსის "ბაიადერა"), ავრორა (ჩაიკოვსკის "მძინარე მზეთუნახავი"), ტაო-ხოა (გლიერის "წითელი ყაყაჩო"). წიგნაძე ახალგაზრდობის და სტუდენტთა ბუდაპეშტის საერთასორისო ფესტივალის ლაურეატია (1949).
2007 წელს ორ უსახელო ვარსკვლავს ქართული საბალეტო სკოლის კორიფეების ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის სახელი უწოდეს.

ვახტანგ ჭაბუკიანი

ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი (დ.27 თებერვალი/ 12 მარტი,1910,თბილისი ― გ. 6 აპრილი, 1992), ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი (1950), ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.
  დაიბადა თბილისში ქალაქელი ხელოსნის ოჯახში. მამა, მიხეილი, სოფელ დიღმიდან იყო წარმოშობით; დედა - ელენე ფილიახი-ჭაბუკიანი - ქალაქ რიგიდან. ჰყავდა სამი და (ეკატერინე, მარიამი და ელენე) და ერთი ძმა (კონსტანტინე). ბავშვობა სიღარიბეში გაატარა. სწავლობდა ვერის მესამე დაწყებით სკოლაში და ამავე დროს მარია შევალიეს ინდუსტრიულ სკოლაში შეგირდად მუშაობდა. 1924 წელს დაამთავრა პერინის სახელობის საბალეტო სტუდია, შემდეგ კი თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა.1926 წელს ლენინგრადში გადადის. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის არტისტად მუშაობდა (1929-1941). აქ ის კლასიკურ რეპერტუარში წამყვან პარტიებს ასრულებდა.1930 წლის 16 მარტს  პ.ჩაიკოვსკის"გედის ტბა"–ში ზიგფრიდის მთავარ პარტიას ასრულებს. ოდეტას პარტიის ერთ–ერთი საუკეთესო შემსრულებელი გალინა ულანოვა წერდა: "ისეთი პარტნიორი, როგორიცაა სერგეეევი , ჩემს საცეკვაო ინტერპრიტაციაში ოდეტას სახეს ლირიზმს მატებდა, ხოლო ჭაბუკიანი - ტემპერამენტს". 1930 წლის 19 ნოემბერს მას დაეკისრა ლუდვიგ მინკუსის "დონ კიხოტში" ბაზილის პარტია. მისმა პირველმა გამოსვლამ ლენინგრადის მოსახლეობა განაცვიფრა. "დონ კიხოტ"–მა მას სახელი გაუთქვა მთელ სსრკ–ში. ამის შემდეგ იწყება ჭაბუკიანის გასტროლები საქართველოში და საზღვარგარეთ. 1932 წელს იგი აშშ-ში მიიწვიეს. გამგზავრებამდე მან და მისმა პარტნიორმა ვეჩესლოვამ კონცერტები გამართეს ლატვიასა და ესტონეთში. პროგრამაში იყო დუეტები სპექტაკლებიდან: "პარიზის ალი""კორსარი""დონ კიხოტი"; აგრეთვე საკონცერტო ნომრები ჭაბუკიანის დადგმით.

  1938 წლის ივნისში კიროვის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში სცენაზე წარმოდგენილი იქნა სახეშეცვლილი "მზეჭაბუკის" პრემიერა. მისი ახალი სახელია "მთების გული". 1939 წელს სსრკ–ის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით მასწითელი დროშის ორდენი გადასცეს და დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს. მისმა დადგმებმა განსაკუთრებული შესაძლებლობები გაუხსნა მამაკაცის პარტიებს.
  1941 წლიდან მოღვაწეობდა თბილისში, სადაც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობდა ბალეტმაისტერად.1942 წლის 8 მარტს ჭაბუკიანმა შარლ გუნოს"ფაუსტის" "ვალპურგის ღამე" დადგა, ხოლო 1945 წელს "გედის ტბა".1947 წლის 12 თებერვალს დადგა გრ. კილაძის ბალეტი "სინათლე" (4 მოქმედებიანი), რომელსაც საფუძვლად დაედო ი. გედევანიშვილის ამავე სახელწოდების პიესა. 1950 წელს დაიწყო გასტროლები, კერძოდ კი სოჭში, სადაც პირველად იქნა ნაჩვენები ჭაბუკიანის მიერ დადგმული სპექტაკლი "გორდა".
     1958 წლის 12 მარტს მოსკოვში ქართული ხელოვმებისა და ლიტერატურის დეკადა დაიწყო. დიდ თეატრში "ოტელოს" პრემიერა შედგა. ეს იყო ქართული ხელოვნების ტრიუმფი. მაია პლისეცკაია წერდა: “ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს. დიდების ღირსია ქართველი ხალხი, რომელმაც შექმნა ასეთი მაღალნიჭიერი, მარად დასამახსოვრებელი ბალეტი”. 1961 წელს ჭაბუკიანმა განახორციელა მორის რაველის ბალეტი "ბოლერო". 1967 წელს ჭაბუკიანის ახალი ბალეტი ფ. ღლონტის "განთიადი" შეიქმნა. 1980 წელს ბეთჰოვენისმუსიკაზე ჭაბუკიანმა შექმნა ერთაქტიანი ბალეტი "აპასიონატა". 1951-1973 წლებში ვახტანგ ჭაბუკიანი ხელმძღვანელობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელს. 1982 წლიდან არის სასწავლებლის მთავარი კონსულტანტი. აგრეთვე კლასიკური ცეკვის წამყვანი პედაგოგი ოპერისა და ბალეტის თეატრში და სასწავლებელში.
ვ. ჭაბუკიანის ცხოვრება წარმოუდგენელია ახალგაზრდობის გარეშე. ბრწყინვალე პედაგოგი, ახალგაზრდა თაობების აღმზრდელი, მთელი ქართული საბალეტო სკოლის შემქმნელი, იგი ზრდის არა მხოლოდ ქორეოგრაფიული სტუდიის ფარგლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავისი სპექტაკლების დადგმის დროსაც. მისი მოსწავლე–სტუდენტები არიან: ნინო ანანიაშვილი,ირმა ნიორაძე,ნიკა ცისკარიძე, იგორ ზელენსკი, აგრეთვე დათო მახათელი,ელენე გლურჯიძე,ლალი კანდელაკი. "ჩემი პრინციპი უცვლელია, – ამბობდა ვ. ჭაბუკიანი, – ქართული კლასიკური ბალეტი უნდა ემყარებოდეს ეროვნულ ძირებს, ხალხური შემოქმედების ელემენტები ორგანულად უნდა ერწყმოდეს კლასიკას; ოღონდ აქ დიდი სიფრთხილეა საჭირო: აუცილებელია პროპორციების სათანადო განაწილება და მათი მკაცრად დაცვა..."
1990 წელს თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრში ვ. ჭაბუკიანის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე გაიმართა. გაზეთ "თბილისში" იოსებ ჭუმბურიძე წერდა: "შაბათ საღამოს ვახტანგ ჭაბუკიანს უშურველად მიაგო მშობელმა ერმა ზღვა სიყვარული და თაყვანისცემა. ხელოვნებაში მის მოღვაწეობას უკვე ოფიციალურად დაერქვა გმირობა". გიგა ლორთქიფანიძემ კი ასე განაცხადა: "დადგა დრო, ხმამაღლა ვთქვათ, რომ ქართულ თეატრალურ ხელოვნებას ჰყავს სამი საოცარი პიროვნება –კოტე მარჯანიშვილი,სანდრო ახმეტელი და ვახტანგ ჭაბუკიანი... ვახტანგ ჭაბუკიანმა სამადლობელო გვითხრა და კიდევ ერთი საოცარი ფრაზა: 'მე მგონია რომ რაღაც გავაკეთე'. როგორ გვჭირდება დღეს მაღალთა თავმდაბლობის ასეთი მაგალითები!..."
ვახტანგ ჭაბუკიანი გარდაიცვალა 1992 წ. 6 აპრილს, ქ. თბილისში. იგი დაკრძალულია მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბალეტის ისტორია

   ბალეტი (ფრანგ. ballet < იტალ. balletto < გვიანდ. ლათ. ballo - ვცეკვავ) 
ბალეტი ჩაისახა აღორძინების ეპოქაში, იტალიაში (მე-16 ს.) თავდაპირველად როგორც საცეკვაო სცენა მუსიკალური წარმოდგენისათვის, ოპერისათვის. აქედან იგი საფრანგეთში გავრცელდა და სამეფო დღესასწაულების მდიდრულ სანახაობად გადაიქცა. პირველი ბალეტების ("დედოფლის კომედიური ბალეტი", 1581) მუსიკალურ საფუძველს წარმოადგენდა ხალხური და სამეფო კარის ცეკვები. მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში ახალი თეატრალური ჟანრები, როგორებიცაა კომედია-ბალეტი, ოპერა-ბალეტი, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობა საბალეტო მუსიკას და მის დრამატიზებას. მაგრამ სცენური ხელოვნების დამოუკიდებელ სახედ ბალეტი მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან გვევლინება ცნობილი ფრანგი ბალეტმაისტერის ჟ.ჟ.ნოვერის წყალობით. ფრანგი განმანათლებლების ესთეტიკაზე დაყრდნობით მან შექმნა სპექტაკლი, რომელშიც შინაარსი გადმოიცემა დრამატულ-პლასტიკურ სახეებში და ამკვიდრებს მუსიკის აქტიურ როლს.
ბალეტის შემდგომი განვითარება რომანტიზმის ეპოქაზე მოდის. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის 30-იან წლებში ფრანგმა ბალერინამ კამარგომ დაამოკლა ქვედაბოლო და უარი თქვა ქუსლებიან ფეხსაცმელზე. ამან საბალეტო კოსტიუმი მსუბუქი და თავისუფალი გახადა, რამაც დიდად შეუწყო ხელი ცეკვის ტექნიკის სწრაფ განვითარებას.რუსეთის იმპერიაზე ბალეტი შემოსვლას ჯერ კიდევ პეტრე I-ის დროს იწყებს, საიდანაც ის აქართველოშიც გავრცელდა.

ჯორჯ ბალანჩინი

 ჯორჯ ბალანჩინი (ინგლ. George Balanchine, ნამდვილი სახელი გიორგი მელიტონის ძე ბალანჩივაძე) (დ. 9 იანვარი/22 იანვარი,1904,პეტერბურგი — გ. 30 აპრილი, 1983 ნიუ-იორკი), წარმოშობითქართველი ამერიკელი ბალეტმაისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, მელიტონ ბალანჩივაძის შვილი.
     1921 წელს დაამთავრა პეტროგრადის მარიინსკის თეატრთან არსებული თეატრალური სასწავლებელი (პედაგოგი პ. გერდტი, ს. ანდრიანოვი), 1923 — პეტროგრადის კონსერვატორია.  1921-1924 პეტროგრადის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის მსახიობი იყო. ამავე წლებში დადგა ცეკვები სპექტაკლებში „ოქროს მამალი“ (ნ.რომსკი-კორსაკოვი), „უიღბლო ეუგენი“ (ტოლერის ამავე სახელწოდების პიესა). 1923 ხელმძღვანელობდა პეტროგრადის „ახალგაზრდა ბალეტს“, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ რუსული ბალეტის გამოჩენილი მოღვაწეები (ლ.ლვროვსკი, პ. გუსევი, ი. სლონიმსკი და სხვები). 1924-იდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ.1925-1929 იყო პარიზის   „ს. დიაგილევის რუსული საბალეტო დასის“ მთავარი ბალეტმაისტერი. 1932 — ფრანფული საბალეტო დასების „ბალე რიუს დე მონტე კარლოს“ და „ბალე — 1933-ის“ ბალეტმაისტერი. 1933მიიწვიეს აშშ-ში, სადაც შექმნა „ამერიკული საბალეტო სკოლა“, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა დასი (1948-იდან „ნიუ-იორკ სიტი ბალე“). ბალანჩინს დადგმული აქვს 160-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი ბუენოს-აირესის, კოპენჰაგენის, ლონდონის, მილანის და სხვა ქალაქების თეატრებში. 
     მისი საუკეთესო დადგმებია:სპროკოფიევის „უძღები შვილი“ (1928), ი.სტრავინსკის „აპოლონ მუსაგეტი“ (1928), „ორფევსი“ (1948), „აგონი“ (1957), „ბროლის სასახლე“ (ჟ.ბიზეს მუსიკის მიხედვით, 1941), „ბალე იმპერიალი“ (პ.ჩაიკოვსკის მუსიკის მიხედვით, 1941) და სხვა. ავტორია წიგნისა „ცნობილი ბალეტების დაწვრილებითი აღწერა“ (ინგლისურ ენაზე).
   ბალანჩინი მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად დგამდა სიუჟეტიან, ხოლო შემდეგ უსიუჟეტო, ე. წ. აბსტრაქტულ ბალეტებს. მის მიერ დადგმული ბალეტების უმრავლესობა ერთაქტიანია. მისი შემოქმედების ძირითადი პრინციპია მახვილი ქორეოგრაფიული მონახაზის, ხატოვანი, რთული მოძრაობების მეოხებით, მუსიკა გახადოს ხილვადი. ბალანჩინის ხელოვნებამ ხელი შეუწყო ქორეოგრაფიის ახალ მიმართულებას. ბალანჩინის ხელმძღვანელობით „ნიუ-იორკ სიტი ბალე“ საგასტროლოდ ორჯერ იყო ყოფილ სსრკ-ში (1962-1972). სპექტაკლები გამართა თბილისშიც.